ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
თეა წულუკიანი სახალხო დამცველს - „შეძლებთ, 24-საათიან რეჟიმში ყველა პატიმარს უპასუხოთ? ასწევთ ამ ტვირთს? ჩვენ მზად ვართ“
„ნუ ამტვრევთ ღია კარს - დღესვე შეგვიძლია, ყველა პატიმარს მივცეთ 24-საათიან რეჟიმში სახალხო დამცველის აპარატში დარეკვის უფლება. ასწევთ ამ ტვირთს?“ - იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს მიმართა, შექმნას ეფექტური ქოლ-ცენტრი, რომლის თანამშრომლებიც 24-საათიან რეჟიმში შეძლებენ პატიმრებისათვის პასუხების გაცემას.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი ამისათვის საჭირო არაა, რადგან ის ფიქრობს, რომ პატიმრებს ასეთი უფლება უნდა ჰქონდეთ.

„პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი პასუხები, როდესაც პატიმრები მოგმართავენ და ვერავითარ თქვენს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენამდე საჩივრების ან განცხადებების მოტანა ვერ ხდება, მე ვერ მივიღებ. არც ამ ანგარიშის შემუშავებამდე, არც მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში გვიჩივლებდით, დასანანია, რომ თქვენ მე არ შემომთავაზეთ სამუშაო რეჟიმში შეხვედრა იმისათვის, რომ ჩვენ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთად გვეფიქრა, როგორ ვუპასუხოთ პენიტენციურ სისტემაში მართლაც არსებულ გამოწვევებს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს, იქ ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს სხვა გამოსავალი არ გქონდათ, ეს არის ტყუილი. მე ვთვლი, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებში არავითარი პრობლემა არ არის. უფრო მეტიც - თუ თქვენ შეძლებთ, ქალბატონო ნინო, რომ გახსნათ დიდი უნარის მქონე ქოლცენტრი (24-საათიანი, კვირაში 7 დღე), ჩვენ მზად ვართ. აქ ბრძანდება პენიტენციური სამსახურის გენდირექტორი, ჩემი მოადგილე, რომელიც მოამზადებს შესაბამის ცვლილებებს. რატომ ამტვრევთ ღია კარს? მე ვფიქრობ, არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ პატიმრებს მივცეთ უფლება, 24 საათის განმავლობაში, როცა მოესურვებათ, დარეკონ თქვენთან. ასწევთ ამ ტვირთს? თუ ასწევთ ამ ტვირთს, ხვალვე რომ გითხრათ, ძალიან ცუდ საქმეს გაგიკეთებთ. ჩვენ ხვალაც შეგვიძლია. ავიღოთ ერთი თვე. ყველა პატიმარს, 24- საათიან რეჟიმში შეეძლება თქვენთან ცხელ ხაზზე დარეკვა, თუ ეს არის თქვენი სურვილი. და, თუ პატიმარი ღამე დაგირეკავთ და მისვლას გთხოვთ, იყოლიეთ თანამშრომლები, ვინც ღამე მივა ციხეში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიში განიხილებოდა.

FaceBook Twitter