ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აშშ საკონსულომ გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას ინგლისურენოვანი წიგნები გადასცა
loading...
ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების სახელით N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად ინგლისურენოვანი წიგნები გადასცა. ამით საკონსულო გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოწოდებას, რომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში სხვადასხვა ორგანიზაციებს მიეღოთ მონაწილეობა. N8 პენიტენციურ დაწესებულების ბიბლიოთეკაში წიგნები აშშ-ის კონსულმა, ჟანეტ რებერმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს გადასცა. 

გიორგი პატარიძემ კონსულს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის წიგნი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას დრო შინაარსიანად გაატარონ.

"დღეს ჩვენ გლდანის დაწესებულებაში ვმასპინძლობთ ამერიკის შეერთებული შტატების კონსულს და საკონსულოს წარმომადგენლებს. ჩვენი სტუმრები გამოეხმაურნენ იუსტიციის მინისტრის ინიციატივას, პენიტენციურ დაწესებულებებში ძველი წიგნების ახლით ჩანაცვლების თაობაზე, რისთვისაც მინდა აშშ-ის საელჩოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას მოვუწოდო აქტიურად ჩაერთოს ამ პროექტში", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა, ჟანეტ რებერმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აშშ-ს მოქალაქეებთან ვიზიტის ფარგლებში საკონსულოს წარმომადგენლებისთვის უცხო არ არის წიგნების მიტანა.

"დაწესებულებაში მათი ყოფნის პერიოდში ეს კარგი საშუალებაა მათთვის დროის გასატარებლად და გონებრივი აქტივობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქტიური მოთხოვნაა მეტ ინგლისურ ლიტერატურაზე და სიხარულით შევუერთდებით და გავაგრძელებთ ამ ინიციატივას. ყველა ეს წიგნი შეგროვდა და გადმოგეცათ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მიერ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი მსჯავრდებულებისათვის კიდევ უფრო მეტი წიგნის გადაცემისთვის", - განაცხადა კონსულმა.

ჟანეტ რებერმა საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მოინახულა და მასაც საჩუქრად წიგნები გადასცა.



FaceBook Twitter