სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასრულწლოვან ბრალდებულებს ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ტელევიზორები დასჯის მიზნით ჩამოართვა იმის გამო, რომ მათ შიმშილობა გამოაცხადეს. ეს არის სიცრუე. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პირთაგან (რომლებიც, კანონით დადგენილი წესით, სხვადასხვა საკანში არიან განთავსებულები) ტელევიზორი არც ერთს ჰქონია. ტელევიზორები იყო მათი თანამესაკნეების საკუთრება და მას შემდეგ, რაც ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა გამოაცხადეს, მოხდა მათი განცალკევება სხვა პატიმრებისგან, ვინაიდან მოშიმშილე პატიმრებს შესაბამისი მეთვალყურეობა ესაჭიროებათ. ამასთან, დადგენილი წესის თანახმად, დაუშვებელია მოშიმშილე პატიმრის ყოფნა საკანში ისეთ პატიმრებთან, ვინც საკვებს ჩვეულებრივად ღებულობს. შესაბამისად, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს სხვა პატიმრებისგან განცალკევების შედეგად, ტელევიზორები იმ საკნებში იქნა გადატანილი, სადაც ამ ტელევიზორების მესაკუთრეები განთავსდნენ. რაც შეეხებათ ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს, მათ პატიმრობის პირველივე დღიდან აქვთ უფლება, შეიძინონ ტელევიზორი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში და შეუზღუდავად ისარგებლონ ამ ნივთით. ამ უფლების შესახებ მათთვის ცნობილია და ეს ასევე უნდა იყოს ცნობილი მათი ადვოკატებისათვის.
ინფორმაციისთვის, ორმა ბრალდებულმა - ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. ლ.შ.-ს მოთხოვნაა, რომ მოეხსნას საგამოძიებო უწყების მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვა გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე. ხოლო ზ.ხ. შიმშილობს პროკურორის აცილების მოთხოვნით და ასევე ითხოვს, რომ მოხდეს მისი დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.
ბრალდებულების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მათ ოჯახებს და დადგენილი წესით შეტყობინება გაეგზავნა მათ ადვოკატებსა და საგამოძიებო ორგანოსაც.
2020 წლის 20 აგვისტოს სასამართლო პროცესიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ერთმა ბრალდებულმა ა.ქ.-მ, რომელიც ითხოვს, რომ მოხდეს მისი და საქმის სხვა ფიგურანტების დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით. ამასთან, ბრალდებული ითხოვს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისგან მიღებული მასალების გასაჯაროების საშუალება მიეცეს. მოცემული ბრალდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებაც დადგენილი წესით ეცნობება მის ოჯახს და საგამოძიებო ორგანოს.
N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.
ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა განახლდა. ლაითურის პროექტი არის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, იგეგმება დიდი ზომის ნახევრადღია დაწესებულებების (ე.წ. „ზონების“) მცირე ზომის, შერეული რისკის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება. მოცემული მიდგომა „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებსაც სრულად პასუხობს.
ლაითურის დაწესებულება იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მორგებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს. მასში განთავსებულ პატიმრებს ამ მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე დღეს არსებული პენიტენციური დაწესებულებების დიდ ნაწილში მყოფ პატიმრებს აქვთ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. მთავარი პრინციპი, რის მიხედვითაც შემუშავდა ლაითურის დაწესებულების ახალი პროექტი, მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულმა საკნის გარეთ გაატაროს დღის საათები და, ამასთან, საკნის გარეთ გატარებული დრო დატვირთული იყოს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებით.
ლაითურის დაწესებულების მიტოვებული მშენებლობის განახლების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არსებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2018 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხეების სისტემა გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2020 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიასთანაც კონტრაქტი 2020 წლის 22 ივნისს გაფორმდა. კომპანია ვალდებულებას იღებს, გააგრძელოს მშენებლობა ახალი პროექტის მიხედვით და დაასრულოს ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში.
ინფორმაციისთვის, დაბა ლაითურში 3600 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. თუმცა, იმ პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოეწყო ძირითადი სარეჟიმო შენობის ფუნდამენტი და სამუშაოები შეწყდა. 2013 წელს განახლდა სამუშაოები და განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. მშენებარე დაწესებულება გადაკეთდა 700 პირზე გათვლილ დახურული ტიპის დაწესებულებად. 2013-2016 წლებში მოეწყო გარე პერიმეტრის რკინა-ბეტონის ღობეები და ჩატარდა მიწის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ აშენდა ძირითადი სარეჟიმო და ადმინისტრაციული, ასევე გარე დაცვისა და ბადრაგირების მაშინდელი სამსახურის შენობები, რის შემდეგაც სამუშაოები კვლავ შეწყდა. 2018-2019 წლებში განხორციელდა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. საპროექტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 7 ივნისს, ხოლო 2019 წლის 10 ივნისს დასრულებული დოკუმენტაცია გაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც პასუხი პენიტენციურმა სამსახურმა 2020 წლის თებერვალში მიიღო. ამის შემდეგ, 2020 წლის 2 მარტს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელიც პირველ ჯერზე უშედეგოდ დასრულდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან ღასან ხალილთან ერთად N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. ღასან ხალილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შეძენილი საჩუქრები გადასცა.
მსჯავრდებულებმა ორგანიზაციისგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, წიგნები, სამაგიდო თამაშები, ასევე პირადი ჰიგიენის საშუალებები მიიღეს. მოცემული ნივთები მათი ინტერესებისა და საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გაეროს ბავშვთა ფონდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მსგავსად Unicef-სგან ანალოგიური საჩუქრები N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვნებსაც გადაეცემათ.