2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის ბ. გელხაურს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ბ. გელხაურთან დაკავშირებით, სიუჟეტში ითქვა: „ფრჩხილის საჭრელი ე.წ. კუსაჩკა საკანში გადაყლაპა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კი, ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა გელხაურმა ციხეში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ მიმართა. პატიმრის მშობლები შველას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, თუ პაციენტს ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდება, ის შეიძლება დაიღუპოს“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, ვინაიდან მსჯავრდებულს სწორედ სისტემატური თვითდაზიანებების მიყენებისა და სამედიცინო მომსახურებაზე არაერთხელ უარის თქმის გამო აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე სიცრუეა, თითქოს მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიზეზით მიმართა. სინამდვილეში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოცემული მსჯავრდებულის სიცოცხლე მრავალგზის აქვს გადარჩენილი და ამჟამადაც ამის მცდელობით არის დაკავებული.
ბ. გელხაური სასჯელს იხდის 2013 წლიდან ორ სხვადასხვა საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება მისი მონაწილეობით პატიმრების ჯგუფის მიერ სხვა პატიმრის წამებას (საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ნაწილი (წამება ჯგუფურად). 2015 წლიდან იგი პროტესტის ნიშნად პერიოდულად აცხადებს შიმშილობას, ასევე სისტემატურად ყლაპავს სხვადასხვა ნივთებს და ამ გზით აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს.
გადაყლაპული ნივთების გამო, მსჯავრდებულს პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 28 ივლისს აქვს ჩატარებული ლაპაროტომია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცხო სხეულების ევაკუაცია. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა გააგრძელა უცხო სხეულების ყლაპვა. უცხო სხეულების მუცლის ღრუდან ამოღების მიზნით, მსჯავრდებულს მრავალჯერ აქვს ჩატარებული ოპერაცია (2019 წლის 19 აპრილს, 2019 წლის 2 ნოემბერს - ლაპაროტომია, ხოლო 2019 წლის 7, 9 და 11 ნოემბერს და 2020 წლის 14 ივნისს რელაპაროტომია). მაგალითისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად ამოღებული ნივთების ფოტოსურათებს. მიუხედავად ყოველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ არაერთი მცდელობისა, რომ მსჯავრდებულმა შეცვალოს ქცევა, იგი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ იწყებს ლითონის საგნების ყლაპვას, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კვლავ დგება ახალი ოპერაციის ჩატარების საჭიროება.
ყოველი ოპერაციისთვის, რასაკვირველია, საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა, რაზეც ის სისტემატურად აცხადებს უარს და მხოლოდ მას შემდეგ თანხმდება სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება.
ბოლოს, 2020 წლის 23 აგვისტოს, მსჯავრდებულს აღენიშნა მუცლის ტკივილი და ღებინება, რის გამოც, იგი სასწრაფო წესით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. კლინიკაში ჩაუტარდა მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, სისხლის ანალიზები, ენდოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ქირურგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. დაესვა დიაგნოზი: კუჭის წყლული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე სისხლდენით, უცხო სხეული კუჭში, უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტში, საყლაპავის ეროზიები; ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით - საყლაპავის ქვედა მესამედში დაფიქსირდა ეროზიები, კუჭში - ჰემორაგიული შიგთავსი, მცირე სიმრუდეზე - სისხლმდენი წყლული ღრმა კრატერით, რომლის ფუძიდანაც აღინიშნებოდა სისხლდენა, კუჭში ვიზუალიზდა უცხო სხეული - მკვნეტარა („კუსაჩკა“). მსჯავრდებულს სტაციონარში ჩაუტარდა სისხლმდენი წყლულის ირგვლივ ინფილტრაცია ადრენალინის ხსნარით და სისხლდენა შეჩერდა; ენდოსკოპიურად მცდელობის მიუხედავად, უცხო სხეულის ამოღება ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, სისხლდენის რეციდივი არ ჰქონია. უცხო სხეულის ამოღების მიზნით განმეორებით ენდოსკოპიის ჩატარებაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა, რის გამოც 2020 წლის 27 აგვისტოს გამოეწერა კლინიკიდან. თუმცა, 28 აგვისტოს კვლავ მუცლის ტკივილით, გულისრევის შეგრძნების და საერთო სისუსტის გამო კვლავ გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დღემდე იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ვირუსი დაუდასტურდა იმ სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზეა დასაქმებული (ელექტრომონტიორი). თუმცა, ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებარე დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები მხოლოდ პერიმეტრზე მორიგეობენ და სპეციალური დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილნი (პირბადე, ხელთათმანი და ა.შ.).
პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე) განცხადების მიღება გრძელდება:
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება დღეს ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც როგორც ეთერში ითქვა, N8 პენიტენციური დაწესებულების კონკრეტულ საკნებშია დამზადებული.
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკარგა ტანსაცმელი. ადვოკატის თქმით, - „როდესაც ოჯახმა შეუგზავნა ახალი ტანსაცმელი, ძველი ტანსაცმელი დაიკარგა“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ბრალდებულმა გაგნიძემ მიიღო ამანათი, რომელიც მას დადგენილი წესით მიეწოდა მისსავე საკანში, თუმცა ამანათის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ბრალდებულს არაფერი გაუტანებია იმ მიზნით, რომ ამანათის შემგზავნი პირებისთვის გადაეცა. ამასთან, დღემდე, 31 აგვისტომდე არც ბრალდებულს, არც მისი დაცვის მხარეს არ მიუმართავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის და არ განუცხადებიათ რაიმე ნივთის დაკარგვის შესახებ. მხოლოდ 31 აგვისტოს, ადვოკატის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ გააკეთა თავად ბრალდებულმა განმარტება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან, რომ ამანათის მიღების დღეს, 18 აგვისტოს, ამანათის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ დერეფანში პოლიეთილენის პარკში შეფუთული საცვლები (ტრუსი და მაისური) დადო და ეგონა, რომ ამ ნივთებს მის ოჯახს გაატანდნენ.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დადგენილი წესის შესაბამისად, დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები გარკვეული პერიოდულობით ჩამოივლიან დაწესებულებების დერეფნებს, უღებენ საკნის კარებს პატიმრებს, რათა მათ საკანში დაგროვილი ნარჩენები საკნის კართან დერეფანში დადონ (რის შემდეგაც პატიმარი დაუყოვნებლივ ბრუნდება საკანში და საკნის კარი იკეტება). შემდეგ დაწესებულების დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირი ჩამოივლის დერეფნებს და აგროვებს ნარჩენებს. თუ ბრალდებულის მოცემული განმარტება სიმართლეა, მის მიერ დაწესებულების დერეფანში დადებული ნივთები, სავარაუდოდ, ნარჩენებთან ერთად იქნა გატანილი დაწესებულებიდან დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინიციატივო ჯგუფის „შემახე ამნისტია“ მიერ, ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია (იქვე დაკონკრეტებულია, რომ ეს არ არის კოვიდ-19). პენიტენციური სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი ინფექცია არ არის არც ერთ დაწესებულებაში გავრცელებული და არც პატიმრებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი.
აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში, კოვიდ-19-ის არც საეჭვო, და მით უმეტეს, დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის პატიმართა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს ვაკანსიას (ანაზღაურების გარეშე):
ვაკანსია ცხადდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან;
სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთს დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო ერთს - ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.
მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურა. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. 5 სამუშაო დღე ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2020 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: info.sps@sps.gov.ge)