ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა განახლდა. ლაითურის პროექტი არის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, იგეგმება დიდი ზომის ნახევრადღია დაწესებულებების (ე.წ. „ზონების“) მცირე ზომის, შერეული რისკის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება. მოცემული მიდგომა „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებსაც სრულად პასუხობს.
ლაითურის დაწესებულება იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მორგებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს. მასში განთავსებულ პატიმრებს ამ მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე დღეს არსებული პენიტენციური დაწესებულებების დიდ ნაწილში მყოფ პატიმრებს აქვთ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. მთავარი პრინციპი, რის მიხედვითაც შემუშავდა ლაითურის დაწესებულების ახალი პროექტი, მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულმა საკნის გარეთ გაატაროს დღის საათები და, ამასთან, საკნის გარეთ გატარებული დრო დატვირთული იყოს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებით.
ლაითურის დაწესებულების მიტოვებული მშენებლობის განახლების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არსებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2018 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხეების სისტემა გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2020 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიასთანაც კონტრაქტი 2020 წლის 22 ივნისს გაფორმდა. კომპანია ვალდებულებას იღებს, გააგრძელოს მშენებლობა ახალი პროექტის მიხედვით და დაასრულოს ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში.
ინფორმაციისთვის, დაბა ლაითურში 3600 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. თუმცა, იმ პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოეწყო ძირითადი სარეჟიმო შენობის ფუნდამენტი და სამუშაოები შეწყდა. 2013 წელს განახლდა სამუშაოები და განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. მშენებარე დაწესებულება გადაკეთდა 700 პირზე გათვლილ დახურული ტიპის დაწესებულებად. 2013-2016 წლებში მოეწყო გარე პერიმეტრის რკინა-ბეტონის ღობეები და ჩატარდა მიწის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ აშენდა ძირითადი სარეჟიმო და ადმინისტრაციული, ასევე გარე დაცვისა და ბადრაგირების მაშინდელი სამსახურის შენობები, რის შემდეგაც სამუშაოები კვლავ შეწყდა. 2018-2019 წლებში განხორციელდა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. საპროექტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 7 ივნისს, ხოლო 2019 წლის 10 ივნისს დასრულებული დოკუმენტაცია გაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც პასუხი პენიტენციურმა სამსახურმა 2020 წლის თებერვალში მიიღო. ამის შემდეგ, 2020 წლის 2 მარტს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელიც პირველ ჯერზე უშედეგოდ დასრულდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან ღასან ხალილთან ერთად N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. ღასან ხალილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შეძენილი საჩუქრები გადასცა.
მსჯავრდებულებმა ორგანიზაციისგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, წიგნები, სამაგიდო თამაშები, ასევე პირადი ჰიგიენის საშუალებები მიიღეს. მოცემული ნივთები მათი ინტერესებისა და საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გაეროს ბავშვთა ფონდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მსგავსად Unicef-სგან ანალოგიური საჩუქრები N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვნებსაც გადაეცემათ.
ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფმა (Pompidou Group) საქართველოს პენიტენციური სისტემის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„პომპიდუ ჯგუფის“ სპეციალურ პლატფორმაზე - https://www.savelivesprotectpeople.net/ სხვადასხვა ქვეყნების მიერ კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატებული პრაქტიკების შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული. მათ შორის არის ინფორმაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის შესახებ. „პომპიდუ ჯგუფმა“ დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, განსაკუთრებით პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში.
საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი მიმდინარე წლის მაისში გახდა. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.savelivesprotectpeople.net/english/learn-from-others/georgian-special-penitentiary-service.html?fbclid=IwAR2lLnMKASKYjcYUtHRvvsJxIqhbgVTq90O8TOorUQiLVYteumKLPguwWec
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ გ.ლ.-ს ექტრადიცია განხორციელდა.
ინფორმაციისთვის, გ.ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ 2016 წლის 10 იანვარს გუდაურის სათხილამურო ტრასაზე 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის (სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი). მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ. ლ.-ს მიმართ 2019 წლის 6 მაისიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2020 წლის 18 მარტს ძებნილი გ. ლ. დააკავეს ჩეხეთის რეპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა. 2020 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გ. ლ.-ს ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად დაკმაყოფილდა და 2020 წლის 11 მაისს გ. ლ.-ს შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა.
საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ქართულ მხარეს მიეცა 3-თვიანი ვადა საქართველოს სამართალდამცავების მიერ ძებნილი გ. ლ.-ს საქართველოში ექსტრადიციისათვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან ავსტრიის რესპუბლიკაში სატრანზიტო გავლით საქართველოში ექსტრადირებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ.ლ.
2020 წლის 18 ივნისს გ. ლ.-ს ეტაპირება საქართველოში განახორციელეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.
მსჯავრდებული მოთავსებულია სპეციალურ საკარენტინო სივრცეში, სადაც იგი 21-დღიან საკარანტინო პერიოდს გაატარებს, ვინაიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უცხოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პატიმრები მიმდინარე წლის 13 მარტიდან მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში ვერ ხვდებიან. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული მხოლოდ საკარანტინო პერიოდის გავლის და ვირუსზე ტესტირების შემდეგ იქნება გადაყვანილი, თუმცა დაწესებულებაშიც სპეციალურ სამედიცინო-საკარანტინო სივრცეში მოთავსდება, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს და მხოლოდ მას შემდეგ შეერევა პენიტენციური დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტს, რაც მასთან დაკავშირებით ვირუსთან მიმართებაში ყოველგვარი ეჭვი იქნება გამორიცხული.