ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ მალავს, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან იკავებს თავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის სუიციდზე იყო საუბარი.

25.10.2020
პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას
მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას. ამასთან, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ მოცემული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები.
24.10.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ
2020 წლის 23 ოქტომბერს covid-19 დაუდგინდა N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს, გ.კ.-ს (დაწესებულებაში მოთავსებულია 2020 წლის 12 ოქტომბერს) და დ.ტ.-ს (დაწესებულებაში მოთავსებულია 2020 წლის 11 ოქტომბერს ).
23.10.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტელეკომპანიის რესპოდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა:


"მთელი დღეა გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას."


სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა. სიცრუეა ისიც, თითქოს "ციხე არის დაკეტილი". ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არხმა ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს არის სიცრუე. ამასთან ტელეკომპანიამ ინფორმაცია გადაამოწმა კერძო კომპანიაში, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით.


სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს.

21.10.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა
2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი.
15.10.2020
ყველა ახალდაკავებული ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებამდე PCR ტესტირებას გაივლის
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა. კერძოდ, ის ახალდაკავებული პირები, რომლებიც სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან როგორც სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, ან/და დანარჩენ კონტიგენტთან შერევამდე, PCR ტესტირებას გაივლიან. მოცემული ცვლილება 12 ოქტომბერს ამოქმედდა და PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ 71 ბრალდებულს, რომელთა პასუხები იყო უარყოფითი.
პენიტენციურ სისტემაში დღემდე მოქმედი სამედიცინო პროტოკოლით, საეჭვო სიმპტომების, ან ეპიდანამნეზის მქონე ყველა ახალდაკავებული ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თავსდებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, ან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ასევე საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ხდებოდა მოცემული პირების სწრაფი ტესტით შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში (N8 - გლდანის, N5 - ქალთა და N2 ქუთაისის), სადაც ასევე სპეციალურ საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში თავსდებოდნენ.
12 ოქტომბრიდან კი როგორც სამოქალაქო კლინიკაში, ასევე მიმღები დაწესებულებების საკარანტინო სივრცეში განთავსებული პატიმრები 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტთან მათი შერევა.
მოცემული ცვლილება არის კიდევ ერთი პრევენციული ღონისძიება, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პენიტენციური სისტემის ვირუსისგან დასაცავად შეიმუშავა.

13.10.2020
კოვიდ-19 დაუდასტურდა ბრალდებულ პირს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არ ყოფილა
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, ბრალდებულ ა.გ.-ს, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს დააკავეს. მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მიიყვანეს. ვინაიდან ბრალდებული აჭარის რეგიონში დააკავეს, იქ არსებული მწვავე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მას პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრის გარეთ გაუკეთდა ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ამის გამო პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ა.გ. პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის შესაბამის კლინიკაში, სადაც მან PCR ტესტირება გაიარა და მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 11 ოქტომბრიდან ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსებისთანავე აყვანილი იქნა ელექტრონული სამაჯურით კონტროლზე, რათა მასთან კლინიკაში პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრების ყოფნა არ ყოფილიყო საჭირო. შესაბამისად, ბრალდებული არათუ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული, არამედ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთანაც არ ჰქონია შეხება.
13.10.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის დედას არა სამსახურიდან წასვლა, არამედ მისი მოვალეობის შესრულება შეეთავაზა

 

2020 წლის 8 ოქტომბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მის დედას N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია სამსახურის დატოვებას აიძულებს. "დღეს დედაჩემს დაურეკა N18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ",- წერს კობაიძე.
08.10.2020
გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის კვლავ მოეწყო საკარანტინო სივრცე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში

ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის კვლავ გახსნა საკარანტინო სივრცე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მოცემულ სივრცეში თავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში არიან დაკავებულები, სადაც ეპიდსიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა. ასევე საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან ეპიდანამნეზი აქვთ. პატიმრები საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნებიან გადაყვანილები ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში (N8 - გლდანის, N2 - ქუთაისი, N5 - ქალთა), სადაც ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება ხდება. დაწესებულებაშიც ასეთი პატიმრების განთავსება ხდება ასევე საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო ვადის გასვლის და ვირუსზე ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის შემდეგ ხდება მათი შერევა დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან. აღსანიშნავია, რომ გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შექმნილ საკარანტინო სივრცეშიც შეზღუდულია ადგილები, რის გამოც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ამ სივრციდან პატიმრების გარკვეული რაოდენობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.


შეგახსენებთ, ეპიდსიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 მარტიდან ე.წ. მიმღები ციხეები არ იღებენ საეჭვო სიმპტომების ან ეპიდანამნეზის მქონე ახალდაკავებულ ბრალდებულებს და თავიდან ხდებოდა მათი მოთავსება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე იყო შექმნილი. მოგვიანებით, 30 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე მოეწყო ყოფილი N9 (ე.წ. მატროსოვის) დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელიც 1 მაისიდან გაუქმდა. 30 მაისიდან სწორედ ამ სივრცეში ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება, თუმცა ამ ეტაპზე, გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოცემული სივრცე საკმარისი აღარ არის და ამიტომ კვლავ საჭირო გახდა დამატებით საკარანტინო სივრცის მოწყობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

05.10.2020
აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა
აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 4 ოქტომბრიდან N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.
05.10.2020