2020 წლის 8 ნოემბერს covid-19 დაუდასტურდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (რომელიც ყოფილი N9 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზეა განთავსებული) მყოფ ორ ბრალდებულს, ი.ს.-ს (რომელიც საკარანტინო სივრცეში 26 ოქტომბერს მოთავსდა) და ქ.ქ.-ს (საკარანტინო სივრცეში მოთავსდა 27 ოქტომბერს). პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი კარანტინში მყოფ ორ ახალდაკავებულ ბრალდებულს. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.
მოცემული პირები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები და ამავე საკანში მათთან ერთად კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის გეგმიური PCR ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კოვიდდადასტურებულ პირებთან კონტაქტის გამო იგი 12-დღიან საკარანტინო პერიოდს კიდევ ერთხელ გაივლის და მხოლოდ ამ ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნება გადაყვანილი ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში.
რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).
ინფორმაციისთვის, 12 ოქტომბერს ახალი სამედიცინო პროტოკოლის ამოქმედების (ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ) შედეგად ახალდაკავებულ ბრალდებულებში covid-19-ის 4 შემთხვევა იქნა გამოვლენილი და თითოეულმა ამ პირმა მკურნალობა გაიარა შესაბამის სამოქალაქო კლინიკებში.
სოციალური ქსელის საშუალებით ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს მედპერსონალი ყურადღებას არ აქცევს.
"ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ერთი ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების წინაშე, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს",- წერს ადვოკატი კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე.
მსჯავრდებულ ე.კ.-ს, რომელსაც სავარაუდოდ გულისხმობს ადვოკატი, საჭიროებიდან გამომდინარე სათანადო მკურნალობა უტარდება (ისევე, როგორც ყველა სხვა პატიმარს) და შეთავაზებული აქვს ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი. კერძოდ, მსჯავრდებული ე.კ. N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში 2020 წლის 25 მაისს მოთავსდა დიაგნოზით: ქვემო ¬კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი; ანგიოქირურგიული ჩარევების შემდგომი მდგომარეობა; მარცხენა ქვემო კიდურის მუხლზედა ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობა; კიდურის ფანტომური ტკივილები; შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ინსულინმომხმარებელი; ტრემორი; მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, და მკურნალობის კურსს ახლაც გადის.
მსჯავრდებულ ე.კ-ს N18 დაწესებულებაში მოთავსებამდეც მრავალჯერ გაწია სამედიცინო მომსახურება სამოქალაქო სექტორის არაერთ კლინიკაში. კერძოდ, 2018 წელს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინოს ცენტრში ჩაუტარდა ჯერ მარჯვენა ქვედა კიდურის მაგისტრალური არტერიების სტენტირება და შემდგომ მარცხენამხრივი ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება და მარცხენამხრივი მუხლქვეშა არტერიის პლასტიკა. ასევე 2019 წელს შპს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა ბარძაყ-მუხლქვეშა და ბარძაყ-ტიბიალური შუნტის ამოკვეთა. 2019 წლის 16 ოქტომბერს საჭირო გახდა მარცხენა ქვემო კიდურის მუხლზედა მიოპლასტიური ამპუტაცია. ხოლო 2020 წლის 20 მაისს მსჯავრდებულ ე.კ.-ს კლინიკა „ვივამედში“ გაუკეთდა მარჯვენა თეძოს საერთო და გარეთა არტერიის სტენტირება, თრომბენდარტერექტომია, ბარძაყის არტერიის პლასტიკა.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ე.კ. სისტემატიური მკურნალობის კურსს გადის ანგიოქირურგის, ენდოკრინოლოგის და ნევროპათოლოგის დანიშნულების საფუძველზე.
ამასთან, მსჯავრდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე იქნა გაყვანილი გამოკვლევებისთვის სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა კლინიკაში. ბოლოს 2020 წლის 20 ოქტომბერს მას კლინიკა“ვივამედში“ გაეწია ნევროპათოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: კიდურის ფანტომური ტკივილები. მსჯავრდებულს ე.კ -ს დაენიშნა და ამ ეტაპზე მიეწოდება შესაბამისი თერაპია (თიოგამა, დულოქსეტინი, დიკლოფენაკი და სხვა სიმპტომური ანალგეზიური მედიკამნეტები), გარდა ამისა უგრძელდება ინსულინოთერაპია და მიეწოდება ანტიკოაგულანტები.
მსჯავრდებულისთვის 2018-2020 წლებში მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 66 537.5 ლარი დაუჯდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე ადვოკატის მხრიდან მედიკამენტების მიწოდებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 7 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ მსჯავრდებულს მარცხენა ქვედა კიდურის პროტეზი დაუმზადდეს.
უახლოეს პერიოდში მსჯავრდებულს ეს მომსახურებაც მიეწოდება.
შესაბამისად, რაიმე სახის უყურადღებობაზე ან სამედიცინო სერვისის არ მიწოდებაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.