სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გასული წლის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დაწყებული ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 9 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 763 მსჯავრდებულს და covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით, მოცემულ დაწესებულებში 14 დღის შუალედით სისტემატურად ჩატარდება მსჯავრდებულთა PCR ტესტირება, რათა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურ PCR ტესტირებას და ტესტების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.
2021 წლის 6 იანვარს სამოქალაქო კლინიკაში მყოფ 46 პატიმარს PCR ტესტირება ჩაუტარდა. მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. 7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი - N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია. კერძოდ, ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოცემულ პირს N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ ჩაუტარდა PCR ტესტირება და დაუდასტურდა covid-19, რის შემდეგაც იგი სამოქალაქო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 6 იანვარს კი განმეორებით ჩაუტარდა PCR ტესტირება და პასუხი კვლავ დადებითი იყო. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თითოეული ასეთი საეჭვო შემთხვევა აუცილებლად გადამოწმდება, ყველა პატიმარს სათანადო მომსახურება მიეწოდება. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში კონტროლს ექვემდებარება და პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.
საზოგადოებისა და, პირველ რიგში, პატიმრების ოჯახების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს:
დღეისათვის კოვიდინფექცია დადასტურებულია მხოლოდ ერთ – ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა დაავადების 23 შემთხვევა. ინფიცირებულები იმყოფებიან მედიკოსების დაკვირვების ქვეშ. ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მათ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქსნის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმარი გარდაიცვალა არა ციხეში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა დაუყოვნებლივ, 1-ლ იანვარს და ის დღესაც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრები შობის დღესასწაულს ტრადიციულად წირვა-ლოცვით აღნიშნავენ.
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ სამლოცველოებში საზეიმო წირვა-ლოცვა კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით დადადგენილი ნორმით მიმდინარეობდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ულოცავს თითოეულ პატიმარს ქრისტეშობის დღესასწაულს. საშობაო ღვთისმსახურების ამსახველი ვიდეო მასალა: N15 (ქსნის), N14 (გეგუთის), N17 (რუსთავის) და N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა covid-19-ით და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ადვოკატი კიდევ ერთხელ ცრუობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით.
სინამდვილეში ადვოკატ კობაიძის დაცვის ქვეშ მყოფი გ. გ, რომელიც სამართალდამცავებმა საქართველოს სსკ 126-ე (ძალადობა) მუხლით დააკავეს, N8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 2020 წლის 20 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს, ფსიქიატრის რეკომენდაციით, გადაყვანილი იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში. სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაყვანილ იქნა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი. ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს ბრალდებული გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე.
შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის მტკიცება, რომ ბრალდებულს N8 დაწესებულებაში დაუდასტურდა covid-19, მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითქმის ერთი წელია, კომპლექსურ სამუშაოებს ატარებს ციხეებში covid-19-ის პრევენციის მიზნით. ასევე მუდმივ რეჟიმში აწვდის საზოგადოებას სრულ, გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას სისტემაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, covid-19-ის პრევენციისა და მისი კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს - "ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში! ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი!"
ჟურნალისტი სავარაუდოდ გულისხმობს მსჯავრდებულს, რომლის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მიმდინარე წლის 1-ლ იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ა.გ. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, თუმცა კლინიკაში გადაყვანიდან მეშვიდე დღეს, 1-ლ იანვარს მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. დადგენილი წესის შესაბამისად, იმავე დღეს, 1 იანვარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა. როგორც პენიტენციური სამსახურისთვის არის ცნობილი, პატიმრობიდან გათავისუფლებული მოცემული პირი, კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა პენიტენციური სამსახურის უყურადღებობაში დადანაშაულება სრულიად უადგილოა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოცემული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სათანადო მკურნალობას გადიოდა.
აღსანიშნავია, რომ ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები მოცემულ მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც არც covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია, თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.