,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” (PRI)
ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” (PRI) 2000 წლიდან მუშაობს საქართველოში და არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობის მიზნით.
ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI-ZUG) დაფინანსებით ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი - ,,საქართველოში ციხეების გადატვირთულობისა და პატიმართა კონტინგენტის შემცირების ხელშეწყობა”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ერთის მხრივ, არასაპატიმრო სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის უფრო აქტიურად გამოყენების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ, პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის უფრო ეფექტური ამოქმედება.
პროექტის ფარგლებში პრობაციის ოფიცრებისთვის შემუშავდა სპეციალური აღრიცხვისა და კონტროლის ფორმები იმ მსჯავრდებულებზე ზედამხედველობის უკეთ განხორციელების მიზნით, რომლებიც სასჯელს იხდიან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით.
აგრეთვე, პრობაციის ოფიცერთათვის ჩატარდა ტრენინგები საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის არსის, მისი აღსრულების მექანიზმებისა და სხვა პრაქტიკული საკითხების შესახებ. ტრენინგებს ესწრებოდა 60 ოფიცერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების, უვადო და გრძელვადიან პატიმრობაში მყოფი პირების პატიმრობის მოხდის პირობების კვლევას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
აგრეთვე, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთათვის, რომლებიც მუშაობენ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებთან. ტრენინგის თემატიკა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს შეეხებოდა.
ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალი და ბიზნესის” თანამშრომლობით გახორციელდა პროფესიული სწავლების კურსები ქალი მსჯავრდებულებისთვის.