სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებზე სახელმძღვანელოს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებზე შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული სახელმძღვანელო ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გამოიცა და არაერთ მნიშვნელოვან სტანდარტსა და მუშაობის პრინციპს მოიცავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი რანდელ ბაროუზი, საერთაშორისო პარტნიორი და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო ინსტრუმენტი პენიტენციური დაწესებულებებისთვის, რომელიც თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მმართველობის განხორციელებაში დაეხმარება.

პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეფორმის მიზნებზე და აღნიშნა, რომ დაგეგმილი სიახლეები ემსახურება პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში ისეთი რეფორმის გატარებას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვისაკენ.

„ახალი მიდგომების კვალდაკვალ, იუსტიციის სამინისტროს მთავარი ამოცანაა საპატიმროებსა და პრობაციის ბიუროებში გააძლიეროს ადამიანის უფლებათა დაცვა და ბალანსის შენარჩუნება. დაბალანსებული მიდგომა გულისხმობს თანაბარ მოპყრობას იმ პირთა მიმართ, რომლებიც უწყვეტად იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორებიც ერთი მხრივ, არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები და მეორე მხრივ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლები,“- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: სრულად ფუნქციონირებადი დანაშაულის პრევენციის სისტემის ამოქმედება; პენიტენციური სისტემის მეტად დემილიტარიზაცია; პენიტენციური სისტემის პერსონალის, პრობაციის ოფიცერთა და სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობების გაძლიერება; რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების გაუმჯობესება; მსჯავრდებულთა ახალი პროფესიული გადამზადების ცენტრის შექმნა; პრობაციის სისტემის მეტად ეფექტიანი ფუნქციონირება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გვერდში დგომისათვის, ასევე, ბატონ რანდელსა და მის გუნდს უწყვეტი და აქტიური დახმარებისათვის.


FaceBook Twitter Google