N11 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საქართველო-ესტონეთის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ესტონეთის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩს N11 დაწესებულების 23 არასრულწლოვანი მსჯავრდებული დაესწრო.


თამაშის დასასრულს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს, მოზარდებს გაესაუბრნენ და საჩუქრად კალათბურთის ბურთები გადასცეს საკუთარი ავტოგრაფებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში (N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, N2 პენიტენციური დაწესებულება, N8 პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულ/მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით.

ინიციატივა ითვალისწინებს, არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მინისტრის ამ ინიციატივას რამდენიმე სპორტული ფედერაცია, მათ შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტსმენებთან შეხვედრა. ამავე შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც დაისახა, კერძოდ, კალათბურთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ მზაობა გამოთქვა, რომ უკვე დაიწყოს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან მუშაობა.



 

FaceBook Twitter Google