ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში: N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება   (ქ.თბილისი), N2 პენიტენციური დაწესებულება  (ქ. ქუთაისი), N8 პენიტენციური დაწესებულება (ქ.  თბილისი) განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით. ეს საკითხი მწვავედ დგას N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში და ასევე აქტუალურია  N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (ქ.თბილისი) მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში  გამოჩენილი და საინტერესო სტუმრების ვიზიტები იშვიათობა არ არის.

 

ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში,  საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მინისტრის ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ორი ფედერაციის ხელმძღვანელი პირები იუსტიციის მინისტრთან ერთად  N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მათ გაიცნეს მსჯავრდებულები და სამომავლო მუშაობის მეთოდზე შეთანხმების პროცესი დაიწყეს. გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაციამ არასრულწლოვნებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა, ხოლო კალათბურთის ფედერაციამ მათ საქართველოს ნაკრების მაისურები და კალათბურთის ბურთები გადასცა.

„ამ შემთხვევაში, პატივსაცემი და წარმატებული სტუმრების საპატიმროში ვიზიტის მიზანს მხოლოდ ვიზიტი და ბავშვების გახარება არ წარმოადგენდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე ფედერაცია გამოყოფს მწვრთნელს, რომელიც მინიმუმ კვირაში ერთხელ დაინტერესებულ მსჯავრდებულებს სპორტის მოცემულ სახეობაში ავარჯიშებს და თითოეული ფედერაცია, მოწაფე მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ, თუკი ყოფილ პატიმარს ამის სურვილი ექნება, საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმარება. მადლიერი ვარ, რომ მოცემულ ინიციატივას მონაწილეობის მსურველები უკვე გამოუჩნდა ორი ფედერაციის სახით, რადგან ყოველ კვირა საპატიმროში უსასყიდლოდ ბავშვებისთვის მუშაობა გარკვეულ თავდადებას გულისხმობს.“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური 2019 წლის 22 თებერვალს 2019-2020 წლების საქმიანობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამ დღეს, მოცემული ინიციატივის შესახებ კიდევ ერთხელ გამოცხადდება და მასში მონაწილეობის ინდივიდუალურ მსურველებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ პენიტენციური დაწესებულების პირობებში არასრულწლოვნებთან მუშაობის მიზნით.

 

FaceBook Twitter Google