ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის უფრო ეფექტიანად მართვის მიზნით ქ. რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიგეგმა.


2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის მოსწორების, შემოღობვისა და შესაბამისი სტანდარტით დაწესებულებების პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად 2019 წლის ივნისი განისაზღვრა.


ერთი დაწესებულება 700 მსჯავრდებულზე, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი. პარალელურად მიმდინარეობს დაწესებულებების საპროექტო სამუშაოებიც. საპროექტო გუნდთან ხელშეკრულება 2018 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა და მის ფარგლებში სამუშაოების დასრულება 2019 წლის 15 მარტისთვის არის დაგეგმილი.

დღევანდელი მდგომარეობით, 120 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილი დასრულებულია (გეოლოგია, კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილები) და ექსპერტიზას გადის. სრული საპროექტო დოკუმენტაცია მზად მიმდინარე წლის 10 თებერვლისთვის იქნება, 15 მარტისთვის კი მოცემული დაწესებულების სამშენებლო ტენდერის გამოცხადება იგეგმება.

700 პირზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო სრული დოკუმენტაცია მზად 15 მარტისთვის (დღეისთვის დასრულებულია მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის 75%) იქნება. 15 აპრილისთვის კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

FaceBook Twitter